საერთაშორისო მობილობა

საერთაშორისო მობილობა გახლავთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და იგი გულისხმობს ა) ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და  აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის სწავლა-სწავლების ან ტრენინგების გავლის მიზნით გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთის უნივერსიტეტში მოღვაწეობას, ან პირიქით, ბ) უცხოური უნივერსიტეტებიდან ევროპის უნივერსიტეტში დროებითი სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას.

ევროპის უნივერსიტეტს აღნიშნული მექანიზმის განსახორციელებლად გააჩნია ორი ინსტრუმენტი: I. აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების გამავალი და შემომავალი საერთაშორისო მობილობისთვის ევროპის უნივერსიტეტისა და პარტნიორი ინსტიტუციის მიერ ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსება; II. აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების გამავალი და შემომავალი საერთაშორისო მობილობისთვის ერაზმუს + და სხვა შესაბამისი საგრანტო პროგრამის მიერ გამოყოფილი დაფინანსება.

(I)

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობა ევროკომისიის მიერ პარტნიორი უნივერსიტეტების ყოველწლიური KA 171  განაცხადების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი გაცვლითი პროგრამების სია ცვალებადია, თუმცა მზარდი.

2023 წელს, ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო მობილობის კონკურსში ჩართო ერაზმუსის ქარტიის ხელმომწერმა საზღვარგარეთის 52-მა უნივერსიტეტმა. წარდგენილი განაცხადების მეტწილად დაკმაყოფილების შედეგად, 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან 3 წლის განმავლობაში ევროპის უნივერსიტეტს შესაძლებლობა მიეცა განახორციელოს სტუდენტებისა და ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალის სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მობილობა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

 საპასუხოდ, ევროპის უნივერსიტეტსაც, თავისთავად, აღებული აქვს ვალდებულება ზემოაღნიშნული უნივერსიტეტებიდან უმასპინძლოს მობილობის განხორციელების მსურველ სტუდენტებს და აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს.

(II)

პარნტიორ უნივერსიტეტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გამავალი თუ შემომავალი მობილობა, ერაზმუს+ისგან განსხვავებით, ყოველწლიური დაფინანსების მოპოვებაზე არ არის დამოკიდებული. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, თანადაფინანსებას თავად ევროპის უნივერსიტეტი და პარტნიორი ინსტიტუცია უზრუნველყოფენ.  შესაბამისად, ამ შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყნების სია მეტად სტაბილური და მრავალფეროვანია. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური მობილობის გეოგრაფიული არეალი, ერაზმუს+ სასტიპენდიო პროგრამისგან განსხვავებით,  არ არის შეზღუდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და პარტნიორი უნივერსიტეტი შეიძლება მსფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარეობდეს.

ევროპის უნივერსიტეტს ჰყავს 92 საერთაშორისო პარტნიორი, (იხ. „საერთაშორისო პარტნიორები“), რომლებთანაც გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი და შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, განახორციელოს საერთაშორისო მობილობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" - მიხედვით და და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

სტუდენტების შემთხვევაში:

  1. საერთაშორისო აკადემიური მობილობით დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციისთვის ავსებენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
  2. რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს პირველ შესარჩევ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის გამოცდას პირისპირ ან დისტანციური პლატფორმების გამოყენებით: 
    • სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.
    • კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება.
  3. საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომელიც წარიმართება პირისპირ ან დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.
  4. გამარჯვებულ სტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც ჩამოთვლილია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტში გასავლელი სასწავლო კურსები, ისე ადგილობრივად მათი შესატყვისები, შესაბამისი კრედიტების მითითებით. აღნიშული დოკუმენტის ხელმოწერით, ევროპის უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტის დაბრუნების შემდგომ მის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტში დაგროვილი კრედიტების აღიარებაზე, დოკუმენტში გაწერილი სქემის შესაბამისად.
  5. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსების შერჩევა-აღიარების საკითხის მოწესრიგების, საელჩოსა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადებისა და ადრესატისთვის დროულად მიწოდების პროცესის მხარდაჭერაზე; გამარჯვებული სტუდენტის მასპინძელ უნივერსიტეტში გამგზავრებამდე მის სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.
  6. გამარჯვებული სტუდენტი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში:

  1. საერთაშორისო მობილობით დაინტერესებული აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი ავსებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას და ტვირთავს საჭირო დოკუმენტებს;
  2. სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმის ავტორებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს ინგლისურენოვანი ლექციის/პრეზენტაციის ჩასატარებლად რექტორის მიერ წინასწარ დამტკიცებული კომისიის წინაშე;
  3. სწავლების მიზნით მობილობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი საჩვენებელი ლექციის წაყვანას, ხოლო ტრენინგ ვიზიტის განხორციელების მსურველთათვის დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაციას გულისხმობს;
  4. გამარჯვებულად ცხადდებიან პროგრამების/სამსახურების მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონკურსანტები, რომელთა რაოდენობაც რექტორის ბრძანების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საკონკურსო პირობებზეა დამოკიდებული.
  5. საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეულ აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს  უფორმდება სწავლების/ტრენინგის ხელშეკრულება, რომელიც პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასატარებელი სალექციო საათებისა თუ ტრენინგ გეგმის განსაზღვრაზე. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, კონკურსის წესით შერჩეული აკადემიური პერსონალი პასუხისმგებლობას იღებს მასპინძელ უნივერსიტეტში ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე.
  6. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და პარტნიორი უნივერსიტეტისთვის დროულად მიწოდებაზე. აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი კი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.

საერთაშორისო მობილობის ეფექტიანობის შესაფასებლად, მასპინძელი უნივერსიტეტებიდან დაბრუნების შემდგომ, პროგრამის მონაწილე სტუდენტებს და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მოეთხოვებათ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარების შევსება.

საინფორმაციო ნოტა შემომავალი საერთაშორისო მობილობის სტუდენტებისთვის


ვიზა

უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ ისწავლონ საქართველოში, უნდა მოიპოვონ საიმიგრაციო ვიზა (D3 კატეგორია - გაიცემა საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სასწავლებლად ან კვლევითი მიზნით შემოსულ პირებზე ან მათზე, ვინც საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ჩამოდის.). ევროკავშირის სტუდენტებს შესაბამის ქვეყანაში შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო ოფისს. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო უწყებები იღებენ სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:


განთავსება

ევროპის უნივერსიტეტი სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს, რომელიც მდებარეობს თბილისის უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამორჩეულ არეალში, ამერიკის საელჩოსთან ახლოს. საცხოვრებელი 4700 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შეუძლია 250 სტუდენტის მიღება. სტუდენტის ოთახი მოიცავს საძინებელს ავეჯით, უფასო უკაბელო ინტერნეტით, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობითა და საკუთარი სველი წერტილით. საერთო სივრცეში განთავსებულია კაფეტერიას და სავარჯიშო დარბაზი. საცხოვრებელს ემსახურება პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას.

საცხოვრისის საფასური ერთ სტუდენტზე (მოიცავს კომუნალური გადასახადებს):

  • ინდივიდუალური ნომერი – 300 აშშ დოლარი თვიურად
  • საერთო ოთახი - 150 აშშ დოლარი თვიურად

თბილისში განთავსებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ეწვიოთ მითითებულ ვებ გვერდებს.


დაზღვევა

საქართველოში ფუნქციონირებს მრავალი სადაზღვევო კომპანია, რომლებიც მომხმარებელს სრულ მომსახურებას სთავაზობენ.


მგზავრობა

საქართველოში 3 აეროპორტია, რომელთაგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდია, დანარჩენი ორი აეროპორტი წარმოგენილია ქუთაისსა და ბათუმში. საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ სხვადასხვა ტრანსპორტი ქუთაისიდან/ბათუმიდან თბილისისკენ გადაასაადგილებლად. უმარტივესი და ყველაზე ბიუჯეტური სატრანსპორტო საშუალებები მატარებლი ან ავტობუსია.

მატარებლისა და ავტობუსის ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცენტრამდე მგზავრობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შესაძლებელია ტაქსით, მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობა. ქალაქის ცენტრამდე მისვლას დაახლოებით 30-40 წუთი სჭირდება.

საჯარო ტრანსპორტის ტარიფები:

  • ავტობუსის ბილეთი (ერთი გზა): 1.00 ლარი
  • მეტროს ბილეთი (ერთი გზა): 1.00 ლარი
  • მიკროავტობუსის ბილეთი (ერთი გზა): 1.00 ლარი

ტაქსის ონლაინ აპლიკაციები: Bolt ; Indriver; Taxi Tbilisi; Taxi.ge

ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა ორ მეტროსადგურს შორის მდებარეობს: მეტროსადგურ გურამიშვილსა და მეტროსადგურ ღრმაღელეს შორის. გურამიშვილის მეტროდან უნივერსიტეტამდე ფეხით 5 წუთის სავალია, ხოლო ღრმაღელის მეტროდან - 10 წუთის. მედიცინის ფაკულტეტის შენობა მდებარეობს სარაჯიშვილის მეტროსთან.

გააზიარე გვერდი:

Hello World!