გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები“

ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის 30 ივლისს, თბილისში, სასტუმრო - „ბილტმორში“ გაიმართა კონფერენცია -  „უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები და გამოწვევები“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებას და სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების განვითარების ხელშეწყობას.

სწავლების თანამედროვე მეთოდების ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა ცოცხალაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის დაგეგმილი სასერთიფიკაციო ტრენერთა ტრენინგისა (ToT) და  სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების წახალისების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.  

კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით განათლების საერთაშორისო ექსპერტები დოქტორი ჟან-ლუკ პატრი ზალცბურგის უნივერსიტეტიდან (ავსტრია) და დოქტორი გორანა მისიკი და დოქტორი მარგარიტა რიმარენკო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (უნგრეთი) დაესწრნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს. 

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები (მათ შორის, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიღწევები) და გამოწვევები. 

კონფერენციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის, მოხსენებით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

ევროპის უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის კონფერენციის ყველა მონაწილეს და იმედს გამოთქავმს, რომ მომავალშიც ერთმანეთთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებენ, სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 
 

გააზიარე გვერდი: